გარდა ამისა, როსტო ზარანდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით ის 300 ლარითაც დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს. ამის გამო აქტივისტი საქმის განხილვას არ დასწრებია. „სასამართლო დანიშნულ დროზე ადრე დაიწყეს და გარეთ ვინც დარჩა, ჩემი მეგობრები, არ შემოუშვეს დარბაზში. მათ შემოსვლა უნდოდათ და გარეთ იყო ამის გამო ხმაური - ყვიროდნენ: "უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს..." ამ დროს ეს ქალი, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე, ამბობდა, რომ ვინც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოიჩენს, დაჯარიმდებაო და ა.შ. მე ვუთხარი, თქვენ რომ მართლა სასამართლო იყოთ და მოსამართლე, ახლავე მუხლის ჩოქვით დაგიდგებოდით-მეთქი და ამაზე დამაჯარიმეს, გამაძევეს. მერე პროცესი უჩემოდ გაგრძელდა“, - თქვა როსტო ზარანდიამ. ასევე ნახეთ მზია ამაღლობელი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ისევ „ვივამედის“ სივრცეშია ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტს 18 თებერვალს სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განუმარტეს, რომ 29 იანვარს საოლქო პროკურატურის შენობის ფასადზე „შეასრულა წარწერა ნახატით, რაზეც არსებობს ვიდეომტკიცებულება“. უთხრეს, რომ ამ ქმედებით დაამახინჯა ქალაქის იერსახე და დაარღვია კანონი. აქტივისტმა ოქმს ხელი არ მოაწერა და არც ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოში დაიბარეს. როსტო ზარანდია ამბობს, რომ წლებია, პროტესტს სხვადასხვა თემაზე საჯაროდ და ღიად გამოხატავს, კედლებზე სტენსილების ხატვით თუ წარწერების გაკეთებით. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ინფორმირებული იყვნენ მერიის წარმომადგენლებიც და სამართალდამცავებიც, მაგრამ კანონდამრღვევად მხოლოდ ახლა მიიჩნიეს. აქტივისტის აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეალურად აწუხებს არა ქალაქის იერსახე, არამედ ის გზავნილები, რომლებსაც სტენსილები და წარწერები ატარებს. „ასე გამოვიდა, რომ დღეს ჯამში დამაჯარიმეს 2300 ლარით, იმ სტენსილისთვის, რომლის გვერდით სხვაც მქონდა ადრე გაკეთებული, რომელზეც რეაქცია არ ჰქონიათ. მაშინაც იცოდნენ ვინ ვიყავი და ახლაც იციან ვინ ვარ. გარდა ამისა, მერიის კედელზეც არის ჩემი ნახატი, მაგრამ მაშინ ამათთვის ეს არ იყო კანონდარღვევა. ახლა მოუვიდათ დირექტივა, ბრძანება, რომ მზიას გამოსახულება და წარწერა "თავისუფლება" ძალიან სახიფათოა და დააჯარიმეთო... რაც შეეხება ჯარიმას, მე არ გადავიხდი. ჯერ ეს ერთი, არ მაქვს ასეთი თანხა. მე ვუთხარი მოსამართლეს, რომ არსად არ ვმუშაობ... რომც მქონდეს, არც გადავიხდი პრინციპულად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას როსტო ზარანდიამ. სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა. ის პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად ითხოვს აქციებზე დაკავებულების, მათ შორის მ...