„იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან. ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც“, - წერია საიას განცხადებაში. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი მათი პაციენტი აღარ არის, რადგან გუშინ, 26 თებერვალს, გაწერეს: „ის ზონა, სადაც არიან პენიტენციური დაწესებულების პაციენტები, მთლიანად კონტროლდება მათ მიერ. პაციენტი, რომელიც ჩვენთან არ ირიცხება, მე მასზე პასუხს ვერ გაგცემთ“. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროსაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სამსახური. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა. მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს. მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38-ე დღეს, 18 თებერვალს, შეწყვიტა და ექიმების ჩართულობით კვების აღდგენის პროცესი დაიწყო. ასევე ნახეთ 38 დღის შემდეგ მზია ამაღლობელი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს ...