დოკუმენტის სახელია: „ორმხრივი შეთანხმება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის პირობების დადგენის შესახებ“. იგი რამდენიმე დათქმას მოიცავს სამომავლო შეთანხმებისათვის, - რომელიც ცალკე უნდა გაფორმდეს, - მაგრამ არაერთ საკვანძო საკითხს პასუხგაუცემელს ტოვებს, სამომავლო შეთანხმების საკითხად. დოკუმენტი არ ითვალისწინებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს. კიევში პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი სრული შეთანხმებისაკენ, რომლის რატიფიცირებასაც მოახდენს უკრაინის პარლამენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე 26 თებერვალს რა წერია დოკუმენტში ორმხრივი შეთანხმება „უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის“ შექმნის მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერას. ხელშეკრულების პირობების თანახმად, უკრაინა ბუნებრივი რესურსების - ნავთობის, გაზისა და წიაღისეულის - მონეტიზაციის შედეგად სამომავლოდ მიღებული შემოსავლების 50%-ს შეიტანს ამ ფონდში. სანაცვლოდ კი შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში. ფონდი, რომლის მართვაც ორივე მთავრობის ხელში იქნება, რესურსების რეინვესტირებას მოახდენს უკრაინის უსაფრთხოებაში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში. ამერიკის შეერთებულ შტატები და უკრაინა ადასტურებენ სურვილს, რომ იმ სახელმწიფოებმა და პირებმა, რომლებიც კონფლიქტში უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედეს, განგრძობადი მშვიდობის დამყარების შემდეგ, არ უნდა ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით. ამასთან, ფონდში შენატანები უკრაინაში რეინვესტირდება ყოველწლიურად, სულ მცირე, ერთხელ მაინც, უკრაინის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, - დეტალები კი შემდგომში განისაზღვრება ფონდის შესახებ ხელშეკრულებაში. რა წერია უსაფრთხოების გარანტიებზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა „მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საჭიროა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“. თუმცა ამ გარანტიების მიღების გზები დაზუსტებული არ არის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მას კვლავ სურს უსაფრთხოების გარანტიების მიღება აშშ-სგან და ეს შეთანხმება არის „უფრო ჩარჩო შეთანხმება“. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ელის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების გასაფორმებლად. დოკუმენტში ასევე წერია, რომ მხარეები „შეეცდებიან, დაადგინონ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ურთიერთინვესტიციების დასაცავად“. დოკუმენტი იწყება ჩანაწერით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას „მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია“. შესავალში ასევე აღნიშნულია...