უკრაინელმა მაშველებმა დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული კერძო სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ აცნობეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მანამდე დადასტურებული იყო, რომ ბუჩის რაიონში განადგურებულ ამ სახლში ერთი ადამიანი დაიღუპა. ამავე რაიონში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკოვშიც, სადაც მრავალბინიანი კორპუსი დაზიანდა. უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევისას დნეპტროპეტროვსკის ოლქში დაზიანდა ენერგოობიექტი, რომლის აღდგენასაც რაც შეიძლება სწრაფად შეეცდებიან. ენერგოკომპანიამ კონკრეტული ობიექტი და დაზიანების მასშტაბი არ დაასახელა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 177 დრონი. სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 110 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში, 66 „უპილოტო-იმიტატორი“ კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“. ასევე ნახეთ ტუაფსე, ანაპა - რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასირებული შეტევა იყო დღეს დილით, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთიც. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 128 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 83 კრასნოდარის მხარეში, 30 - ყირიმში, 8 - აზოვის ზღვის თავზე, 5 - შავი ზღვის თავზე, 1 - ბრიანსკის ოლქში და 1 - კურსკში. საომარი მდგომარეობის პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია. ...