არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე შეფასებით, ინიციატივა კიდევ უფრო დაამძიმებს კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში. ორგანიზაციის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სამ მიზანს ემსახურება: "დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. [...] მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. [...] შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს [...]". ასევე ნახეთ ინტერვიუს გაუფრთხილებლად ჩაწერისთვის ტელევიზიებს სანქციები დაუწესდებათ - „ოცნების“ კანონპროექტი მედიაზე 24 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების კიდევ უფრო შესაზღუდად დააინიციირა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ტელევიზიებსა და რადიოებს შეეხება. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას ექნება, მას კი ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმება შეეძლება. ...