გურიაში არაერთი სოფელი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი - სოფელ ორმეთიდან ვრცელდება ცნობები სახლების ნგრევის შესახებ. მეწყერსაშიშ ზონაში ავარიულ სახლებში მცხოვრებთა ნაწილთან ოჯახის წევრები და ახლობლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ, სოფელი რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ორმეთის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის გაწმენდას მეოთხე დღეა ამაოდ ელიან. "ძალიან ცუდი მდგომარეობაა, დაგვეხმარეთ. რამდენიმე სახლი დაინგრა. ახლა მე თვითონ სახურავზე ვარ ასული. მყავს სოფელში მოხუცები, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი 80 წლისები არიან, აღარც წყალი აქვთ, სახურავიდან წამოსული თოვლი დაეფარა გზას, ვეღარც გარეთ გადიან, ვერც ცეცხლს ანთებენ და ვართ მოწყვეტილი გარესამყაროს. ვერ მივდივართ, რომ პროდუქტი შევიძინოთ, წამალი შევიძინოთ, ფული გვაქვს, მაგრამ პროდუქტზე ვერ მივდივართ. ვერ ვურეკავთ [ხელისუფლებას], ვერ ვუკავშირდებით - ზოგი დაკავებულია, ზოგი საერთოდ გამორთულია. რამდენიმე დღის უკან რომ დავრეკე, ქალბატონო, ტექნიკები არ გვყავსო, ასე გაგვცეს პასუხი. იმის მერე ვერ ვუკავშირდებით ვერავის. ჩვენ ძალიან მთიან ადგილას ვცხოვრობთ, ზემო ორმეთში ვართ, ვერ ჩავდივართ, გზა არ გვაქვს, რომ ჩავიდეთ და ერთმანეთის ამბავი ვიკითხოთ. ემზარი აბაშიძის სახლი არის დანგრეული, ჩავარდნილია; ქვემოთ ომარის სახლი დაინგრა; მეორე უბანში ოთხი სახლია დანგრეული. ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია სახლები კიდევ. აგერ, მოხუცები არიან ასული, ისინი თოვლიან სახლს. გვყავს კიდევ ლევანი ბუცხრიკიძე - მწოლიარეა, მარტოხელაა, სახლში არავინ არ ყავს. დავიკავეთ მე და ჩემმა ქმარმა “ლაფატკა”, ძლივს ჩავედით. არც საჭმელი აქვს, არც სასმელი, არც შუქი, არც გაზი, არის უპატრონოდ", - ასე აღწერს სოფელში არსებულ მდგომარეობას მარინა ყიფიანი რადიო თავისუფლებასთან. 24 თებერვალს მან ფეისბუკის პირად გვერდზე საკუთარი ტელეფონის ნომერი ღიად დაწერა იმ თანასოფლელების ახლობლებისთვის, რომლებიც დიდთოვლობაში დარჩენილ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ და მათზე ღელავენ. "შუქი მეექვსე დღეა არ გვაქვს, გაზი მოვიდა ორი დღეა. კი, გაზი ჩაირთო, მარა შუქი და გზა არ გვაქვს. ტელეფონს, ჩემი ქმარი თურქეთში დადის ხოლმე, ჩაის საკრეფი აკუმლატორი აქვს და იმაზე ვტენით ხოლმე, რომ ასე გამოვიზოგო. სოფელში ტელეფონი არავის არ აქვს, ვერავინ ინფორმაციას ვერ გებულობს", - მარინას აღწერით, სოფელში მის მეზობლად ცხოვრობენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები, რომლებიც მშობლებმა ბებია-ბაბუასთან დატოვეს, ახლა კი სოფელში ვეღარ ბრუნდებიან, მარტოხელა მოხუცებისთვის კი, ვინაიდან მათი სოფელი საკმაოდ რთული რელიეფისაა, მეზობლებთან მისვლაც რთულია. ასევე ნახეთ უფრო საშიში იქნება, როცა ეს თოვლი მეწყერსაშიშ სოფლებში დნობას დაიწყებს - სალომე ფე...