გურიისა და აჭარის რეგიონებში დიდთოვლობის გამო კვლავ არაერთი სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი - მოქალაქეები ისევ ითხოვენ ხელისუფლებისგან როგორც შიდა სასოფლო, ისე ცენტრალური გზების გაწმენდას, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას და რიგ ადგილებში ევაკუაციასაც კი. ვრცელდება ცნობები დიდთოვლობისას გარდაცვლილებისა და სახლების ნგრევის შესახებ. სალომე ფედროვი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის დიდთოვლობაში მოყოლილი, ამბობს, რომ მათთვის ახლა მთავარი პრობლემა სასმელი წყლის დეფიციტია. "მე სადაც ვიმყოფები ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილით, ეს არის სოფელი გურიანთა. ძირითადი პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის სასმელი წყალი. ძირითადად დამოკიდებული ვართ ჭებზე. ჩემთან ეს ჭის წყალიც სასმელად უვარგისია და ამიტომ წყლის მარაგიც ცოტა მაქვს. საკვების მარაგიც გვეწურება. ჩემს უბანში არ არის გზა გაწმენდილი და ამის გამო ვერ გადავადგილდებით", - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და აგრძელებს, რომ მის სოფელთან შედარებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ კონჭათში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. три "კონჭათი მეწყერსაშიში ზონაა, სახლები ავარიულია. გაცილებით დიდია იქ თოვლის საფარი და ასეთი თოვლი როცა აწვება ავარიულ სახლებს, საშიშია იქ გაჩერება. ნახევარ სოფელზე მეტს შუქი არ აქვს. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა მამაჩემი და მითხრა, რომ არცერთი ქსელი: არც "მაგთი", არც "სელფი" და არც "ჯეოსელი" არ იჭერს და ამის გამო ვერ გამოდის კონტაქტზე, გენერატორშიც საწვავი ამოიწურა და ვეღარ დატენის, სავარაუდოდ, ტელეფონს. ძალიან რთული სიტუაციაა და მით უფრო რთული გახდება, როცა ამხელა თოვლის საფარი დნობას დაიწყებს და მეწყერსაშიშ სოფლებში თოვლის დიდი რაოდენობით დნობა [საშიშია], აუცილებელია სწრაფი რეაგირება. საკვების მარაგი ამოეწურება ყველას, მეშვიდე დღეა, გადაუდებლად თოვს. არ ვიცი რა უნდა მოვიმოქმედოთ", - ამბობს სალომე ფედროვი. ასევე ნახეთ "8 შვილით ვარ ჩარჩენილი, 8 თვის ორსულია სოფელში, ქალია ქიმიოთერაპიაზე წასასვლელი" - ხალხი დახმარებას ითხოვს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ხელისუფლებამ მოსალოდნელი უამინდობის შესახებ შეტყობინებები მოსახლეობასთან 20 თებერვალს, პარასკევს, დააგზავნა. მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „მოხალისეები ...