„ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა ძალიან მალე იქნება წარმატებული“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ 25 თებერვალს ჟურნალისტებს. მან თქვა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც, მისი სიტყვებით, „ასევე არის უკრაინის მხარდამჭერი“. „მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიპ სტეიტის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე“, - განაცხადა მან. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, საქართველო „600-ზე მეტ დოკუმენტს“ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს - რეზოლუციებს, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომლებიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი“, - თქვა მან. უკრაინის რეზოლუცია 23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას. საქართველოს მისთვის მხარი არ დაუჭერია. უკრაინულ-ევროპულ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო: მას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და თურქეთმა; წინააღმდეგ წავიდა 18 ქვეყანა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები; თავი შეიკავა 65-მა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა. ასევე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ; საქართველომ საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე მოიქცა აზერბაიჯანიც. რეზოლუციის სახელწოდებაა: „მივიწევთ სიღრმისეული, სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობისათვის უკრაინაში“. გაეროს რეზოლუცია უკრაინის შესახებ - კენჭისყრის შედეგები აღსანიშნავია, რომ საქართველო, - რომელსაც ამ რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, - გაეროს საიტზე გამოქვეყნებული პირველადი რეზოლუციის პროექტში მითითებულია, როგორც უკრაინის შესახებ ამ რეზოლუციის თანაავტორი. აშშ-ის ალტერნატიული რეზოლუცია ამასთან, გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი იყო ომთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ სამ წინადადებას მოიცავდა, რუსეთს არ აკისრებდა პასუხისმგებლობას და გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით - დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში. საბოლოოდ, აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას, რო...