"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, პროკურატურა აპირებს, "მტკვარი ჰესის" საკითხზე ბრალი წაუყენოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში ისაუბრა. "დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი. ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი "მტკვარი ჰესის" საკითხზე. ანუ ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივოა და იქ არაფერი საერთოდ ივანიშვილის ამ პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც ვერ გამოჩნდა, მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა", - თქვა ბაჩიაშვილმა. მისივე სიტყვებით, "მტკვარი ჰესის" საქმე "კიდევ უფრო ბედკრულია", ვიდრე მიმდინარე საქმე, რადგანაც "არანაირი საბუთი არ არსებობს". "სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. ინვესტორი ივანიშვილია და ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას. მუქარას ასრულებს", - ამბობს ბაჩიაშვილი. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას. მათი პასუხი, მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში. "მტკვარი ჰესის" საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე წერდა, რომ თავდაპირველად სწორედ "თანაინვესტირების ფონდის" ამ პროექტში შეამჩნია ივანიშვილმა გადაცდომები. წიქვაძის თანახმად, პროექტი, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყეს, $131 მლნ ჯდებოდა. ჰესი 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტი დღემდე დაუსრულებელია, ბიუჯეტი კი $235 მლნ-მდე, თითქმის ორჯერაა გაზრდილი. ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ შეიტანეს ეჭვი პროექტის და ფონდის ხელმძღვანელის, ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში და ეს ეჭვები გააღრმავა იმის გარკვევამ, რომ ბაჩიაშვილმა, მისმა საწარმოებმა და ოჯახის წევრებმა 2015 წლის შემდეგ „ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება” შეიძინეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. "თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით", - წერდა ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე ფეისბუკზე. ასევე ნახეთ ბატონი ბიძინა, ბაჩიაშვილი, კრიპტო და „ამერიკელების შე...