ორი ლიდერის დღე დაიწყება ვირტუალური შეხვედრით დიდი შვიდეულის (G7) სხვა ლიდერებთან, რომელიც ომის დასრულების გზებს დაეთმობა. მაკრონი ევროპის ერთ-ერთი პირველი ლიდერია, რომელიც ტრამპს იანვარში მისი ინაუგურაციის შემდეგ ხვდება. მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტი ემთხვევა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის მესამე წლისთავს. მაკრონის თქმით, ის ტრამპს წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი ნაბიჯების თაობაზე. კერძოდ, მედიით გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობა აუცილებელია. ვაშინგტონში გაფრენამდე მაკრონი აცხადებდა, რომ აუცილებელია გატარდეს ზომები რუსეთის შესაკავებლად - რადგან რუსეთი, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის წარმოადგენს საფრთხეს. საქმე ეხება, მათ შორის, უკრაინაში ევროპის ძალების შესაძლო დისლოკაციას, მშვიდობის დაცვის მიზნით - მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება. გავრცელებული ცნობებით, ამ ძალების ბირთვი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონტინგენტები იქნება. თუმცა მათი განთავსება მხოლოდ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში იქნება შესაძლებელი, მაშინაც კი, თუკი ამ ძალებში აშშ-ის კონტინგენტი არ შევა. ამავე თემატიკას შეეხება ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგეგმილი ვიზიტი. ორივე ლიდერი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, რომ თავიანთი ძალების დისლოკაციით ევროპის სახელმწიფოები იკისრებენ უკრაინის უსაფრთხოებაზე გარანტიებს - რასაც, ფაქტობრივად, მათგან თავად ვაშინგტონი ითხოვს. ამასთან, შეხვედრებზე სავარაუდოდ განიხილავენ ვაჭრობის საკითხებსაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოდიან ომის უსწრაფესად დასრულების მოწოდებებით, მათ შეწყვიტეს რუსეთის დადანაშაულება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში - და ბევრი მათგანი, ტრამპის ჩათვლით, კიევის მისამართით მკვეთრად კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. აშშ-მა რიადში მოლაპარაკებაც გამართა რუსეთის წარმომადგენლებთან - რამაც უკრაინასა და ევროკავშირის სახელმწიფოებში აღძრა შეშფოტება, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება უკრაინის და ევროპის გვერდის ავლით. ასევე ნახეთ მერცი: გვჭირდება ევროპული ერთიანობა აშშ-ის, რუსეთის ჩარევის მოსაგერიებლად ...