ვრცელდება ცნობები, რომ თოვლის მასამ რამდენიმე სოფელში სახლების ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება გზის გაწმენდითი სამუშაოების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს, ყველა ასეთი ინფორმაციის ქვეშ ათობით ადამიანი ითხოვს დახმარებას. ასევე ნახეთ “პატრონი არ გვყავს” - გურიასა და აჭარაში მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს რადიო თავისუფლება ელაპარაკა ირმა ხომერიკს, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში ჰყავს მოხუცი მშობლები და სამ დღეზე მეტია, ვერცერთი სახელმწიფო უწყებისგან ვერ მიიღო პასუხი, როდის შეძლებენ მათ დახმარებას. თავად ირმა ემიგრანტია და იტალიის ერთ-ერთი ქალაქიდან ტელეფონის საშუალებით ცდილობს მოხუცი მშობლების დახმარებას. "76 წლის არის დედაჩემი, 80 წლის - მამა. მამა ცდილობს გზა გაკვალოს, დედაჩემი უკან მიყვება, რომ მეზობლამდე მივიდნენ და თავი გადაირჩინონ. ამ დიდთოვლობის გამო სახლი დაინგრა - ისედაც ავარიული იყო და ახლა ისე ჩამოინგრა, იქ ღამის გათენება საშიშია. "კუხნას" რომ ეძახიან, ეგეთი გვიდგას კიდევ ეზოში, ხის, დაუმთავრებელი, ნამჯას და თივას ინახავდნენ იქ ჩემი მშობლები და იქ გაათენეს გუშინ ღამე, გათბობის და ყველაფრის გარეშე, იმ დანგრეული სახლიდან გამოიტანეს რაც რამე საბანი და დასაფარებელი ჰქონდათ. ხან 112-ს ვურეკავ, ხან მერიის "ცხელ ხაზს", ხან გამგებელს. ჯერ გვიპასუხეს, რომ მოვალთ, მერე თქვეს, ვერ ჩამოვალთ, გზა არ არის. გამგებელი გვეუბნება სრულ ტყუილს - ჯერ ამბობდა, ტრაქტორები მუშაობენო, ახლა გვეუბნებიან, რაც გინდათ ის მიქენით, ტრაქტორები გაფუჭდნენ. ტრაქტორები შრომისკენ არც დაძრულა. სასწაული მდგომარეობაა, ხალხი ევაკუაციას ითხოვს და ამდენი დღეა, მატყუებენ, მატყუებენ, სანამ სახლი არ დაინგრა. ჩემი შვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, იმასაც ვერ გავამართლებდი, ერთი ადამიანი არ მისულა ამ ხალხთან, არავინ პასუხს არ გვცემს. ასეთი განუკითხაობა მე არ მახსოვს, ღამეები არ მძინავს. დღეისთვის იყვნენ დაპირებულები, რომ სამაშველო ავიდოდა - სახლი რომ დაინგრა, ეგებ მეზობელთან შეაფარონ თავი და ხვალ გავაკეთებთ ევაკუაციასო. დღეს სამაშველოში ისეთი თავხედური პასუხი გამცეს, ფეხით რომ ავიდეთ, წამოგვყვებიან ფეხით თქვენი მშობლებიო?" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირმა. ის ორ მეტრამდე თოვლში დარჩენილ მშობლებთან დაკავშირებას მხოლოდ დედის ტელეფონზე ახერხებს და შიშობს, რომ თუკი ელექტროენერგია არ მოვა და ტელეფონის დატენას ვერ შეძლებენ მისი მოხუცი მშობლები, შეიძლება მათი ამბავი ვერც გაიგოს. ირმას აღწერის მიხედვით, სოფელში, ძირითადად, მოხუცები ცხოვრობენ და იმის გამო, რომ ეს ადგილი სტიქიური საფრთხის ზონას წარმოადგენს, სახლების დიდი ნაწილი ავარიულია. "მე დედისერთა ვარ, არც და მყავს, არც - ძმა. ჩემი მშობლები მარტო ცხოვრო...