„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სამართლიანი მშვიდობა, რაც შესაძლებელი არ არის ჩვენი პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე“, - განაცხადა რომან იაკოვენკომ 24 თებერვალს თბილისში, „რონდელის ფონდის“ დისკუსიაზე, რომელიც ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე გაიმართა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა გაეროში 24 თებერვალს დანიშნული კენჭისყრა, რომელიც ომის მესამე წლისთავს ემთხვევა. გენერალურ ასამბლეაზე, - კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, - კენჭს უყრიან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით როგორც უკრაინის, ისე აშშ-ის შემუშავებულ რეზოლუციებს. „მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის რეზოლუციას“, - განაცხადა რომან იაკოვენკომ. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს - რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკული არ არის - ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს, - საქართველოს მთავრობა, რომლის მოსკოვთან კავშირებიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ბოლო პერიოდში გალღვა“. ასევე ნახეთ WSJ: გაეროში აშშ-ის რუსეთის მიმართ რბილი რეზოლუციის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა უკრაინის მიერ შემუშავებული, გრძელი რეზოლუციის პროექტი შეჭრაში რუსეთს ადანაშაულებს; აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი სამი აბზაცისგან შედგება, ტექსტში გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის „სწრაფი დასრულებისკენ“ და სინანული „სიცოცხლის დაკარგვაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მსვლელობისას“. რადიო თავისუფლებამ ჰკითხა უკრაინის წარმომადგენელ რომან იაკოვენკოს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორ შეაფასებს საქართველოს მთავრობის პოზიციონირებას რეზოლუციების საკითხზე, თუმცა მან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. „დაველოდოთ მოვლენებს“, - გვითხრა მან. ასევე ნახეთ გაეროს გენერალური ასამბლეა ორ რეზოლუციას განიხილავს უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით 24 თებერვალსვე, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლისთავს გამოეხმაურა. მან 24 თებერვლის მთავრობის სხდომა ამ საკითხით გახსნა, ისაუბრა ომის შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია „მშვიდობის დამყარების პროცესი“ უკრაინაში წარმატებით დასრულდეს. „ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, - თქვა ...