გერმანიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა, 28,6%, მიიღო კონსერვატორების ბლოკმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) აერთიანებს. 20,8%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მას ხმების 16,4% აქვს. პარლამენტის მანდატები ექნება კიდევ ორ პარტიას: „მწვანეებმა“ 11,6%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს, 8,8% აქვს მემარცხენე პარტიას. გერმანული მაუწყებელი DW 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ, ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ კონსერვატორებს და სოციალ-დემოკრატებს მოპოვებული მანდატები უნდა ეყოთ „დიდი კოალიციის“ ფორმირებისთვის. გერმანიაში „დიდ კოალიციას“ უწოდებენ სწორედ კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების მმართველ კოალიციას. ასევე ნახეთ მერცი: გვჭირდება ევროპული ერთიანობა აშშ-ის, რუსეთის ჩარევის მოსაგერიებლად ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კანცლერობის კანდიდატია, პირობა დადო, რომ ახალი მთავრობის ფორმირება სააღდგომოდ, 21 აპრილისთვის დასრულდება. მერცმა არ დააკონკრეტა, რომელ ძალებთან შექმნიან ახალ მთავრობას, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყნის მართვას არ აპირებენ ულტრამემარჯვენეებთან ერთად. გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადად არ მიიღებს მონაწილეობას კოალიციის ფორმირების საკითხზე კონსერვატორთა ბლოკთან მოლაპარაკებებში. ასევე ნახეთ შოლცს მასკის მხრიდან პირად შეურაცხყოფაზე მეტად აღელვებს მილიარდერის მიერ AfD-ს მხარდაჭერა გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში მმართველი კოალიცია დაიშალა. კოალიციაში იყვნენ სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და „მწვანეები“. 2024 წლის 6 ნოემბერს სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან დაითხოვა ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერი. შოლცის გადაწყვეტილების გამო მთავრობა დატოვეს ამ ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა სხვა მინისტრებმაც. 2025 წლის 23 თებერვლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. წარუმატებლობის გამო, პარტიის ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს. საპალამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს ვერც მემარცხენე ნაციონალისტებმა. 23 თებერვალს გერმანიაში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 82,5%, რაც 1987 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი...