მარი ჩხაიძე ორი მცირეწლოვანი ბავშვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცხოვრობს. მას სოციალურ ქსეში დაწერა, რომ დახმარება სჭირდება: „ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში დიდთოვლობის გამო შეზღუდულია კომუნიკაციები. ჩაკეტილია გზა, იქნებ გამოგვიგზავნოთ ტექნიკა (ტელეფონი 4 პროცენტზე მაქვს). ვისაც ხელი მიგიწვდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან, იქნებ დარეკოთ და მოხუცები მაინც მოიკითხონ. (ჭიშკრისხელა თოვლია. ზოგი კარმას ვერ რთავს, ზოგი კარს ვერ აღებს, ზოგს სახურავი აქვს გადასათოვლი. ზოგი ავარიულ სახლში ცხოვრობს“, - წერს მარიამი. ხედი მარიამ ჩხაიძის სახლის ფანჯრიდან, სოფელი შრომა. დეტალების დაზუსტება მასთან რადიო თავისუფლებამ ვეღარ შეძლო. დაკავშირებიდან მალევე ტელეფონი გაეთიშა. მხოლოდ ამის თქმა მოასწრო: „არ გვაქვს შუქი, არ გვაქვს წყალი, ახლაც ბარდნის ინტენსიურად, გზაზე ტექნიკა არ მოძრაობს. გაზი გუშინ არ გვქონდა, დღეს აღდგა. ვისაც არ მოგვიმარაგებია სანთლები, ვართ მის გარეშე. დღეს ღობის მეზობელთან ზუსტად ნახევარი საათი მივდიოდი. ელემენტი სჭირდებოდა, მოხუცი ქალია. მაღაზია არ მუშაობს... გამახსენდა, რომ ძველი ლეპტოპი მაქვს, რომელსაც არ ვიყენებ და დღეს იმას დავუკავშირე ტელეფონი“, - თქვა მარიამ ჩხაიძემ. გურიაში მცხოვრებლები სოციალურ ქსელშიც ჩივიან. ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც არც სახელს ამბობს და არც კონკრეტულ სოფელს ასახელებს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს გაუკვალავი თოვლი და ჩახერგილი გზა. „ნახევარ მეტრზე დიდი თოვლია, არც გზას წმენდენ, არც გუშინ მოსულან, არც დღეს. ოთხი დღეა, დენი არ გვაქვს. თოვა დაიწყო თუ არა, ჩაქრა და არავინაა პატრონი. დარეკავენ, დენი არააო და, მოვა ერთ საათშიო. გზა და კვალი არ გვაქვს და ვინმე გლახად რომ გახდეს, სასწრაფო ვერ მოვა“, - ამბობს ის. ვიდეო სოციალურ ქსელში ასობით ადამიანმა გააზიარა. ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა შშმ პირთა პანსიონატმა "ბარბარემ“, რომელიც ურეკში მდებარეობს. ამ პანსიონატში 24 ბენეფიციარი ცხოვრობს. დირექტორმა, მერაბ შათირიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დიდმა თოვლმა სრულად დაფარა სახურავები, რაც შენობის დაზიანების რისკს აჩენდა. მან დახმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვა. შშმ პირთა პანსიონატის ეს პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაიშალა. დავინტერესდით, რატომ? „გამგებელი შემომეხმიანა, ბიჭები დამახმარა, ნახევარი სამუშაო უკვე გაკეთებულია, გადათოვლის პრობლემა მოიხსნა. შუქი, ცხადია, არ არის, იმიტომ რომ სადენები დაწყვეტილია, ეს პრობლემა ყველგანაა. უშუქობა არაფერია, გაზი არის სამაგიეროდ, მოგვარდა პრობლემა... მეშინოდა ჭერი არ ჩამომნგრეოდა, მარტო ვიყავი, ვერაფერს ვიზამდი“, - ამბობს მერაბ შათირიშვილი. შშმ პირთა პანსიონატი „ბარბარე“, მას შემდეგ რაც მისმა დირექტორმა ს...