ჰამასმა წითელ ჯვარს დღეს, 20 თებერვლის დილით, გადასცა ოთხი ისრაელელი მძევლის გვამები. (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად.) ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ღაზაში დაიღუპნენ. მათ შორისაა ორი ბავშვი, არიელ ბიბასი, რომელიც გატაცებისას ოთხი წლისა იყო და მისი ძმა, კფირი, რომელიც ცხრა თვისა იყო. წითელ ჯვარს გადასცეს ასევე მათი დედის, შირის და კიდევ ერთი მძევლის, ოდედ ლიფშიცის გვამები. წითელი ჯვრის ავტომანქანა, რომელშიც ოთხი კუბოა, ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ გაემართა. დაღუპული ბავშვების მამა, იარდენ ბიბასი, ადრე გაათავისუფლეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე. ის ოჯახისგან განცალკევებით ჰყავდათ დაკავებული. ბიბასების ოჯახის ბედი ისრაელის საზოგადოებისთვის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღევანდელ დღეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე უწოდა. ჰამასმა ადრე, 2023 წლის ნოემბერში, განაცხადა, რომ ბავშვები და მათი დედა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ცხედრების გადმოსვენებისას ჰამასის წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ მძევლების დაღუპვაში დამნაშავეა ისრაელიც. ისრაელის ოფიციალური ხელისუფლება ბოლო დრომდე არ ადასტურებდა მათ დაღუპვას. არ მოიპოვება დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაცია მათი დაღუპვის გარემოებაზე. იარდენ ბიბასმა და მათმა ნათესავებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოძიებას შეეცდებიან. მძევლების გვამების გადაცემა მოხდა ადრე დადებული შეთანხმების ჩარჩოებში: 22 თებერვალს დაგეგმილია ექვსი მძევლის გადაცემა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გაუშვებენ რამდენიმე ასეულ პალესტინელ პატიმარს. ამგვარად დასრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამ ეტაპის პირობების შესრულება. ღაზაში რჩება კიდევ 60 მძევალი, რომელთაგან, არსებული მონაცემებით, ცოცხალია დაახლოებით ნახევარი. გრძელდება მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკება. ...