აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა საუდის არაბეთში, სადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის სამშვიდობო მოწესრიგების შესახებ პირველი მოლაპარაკება გაიმართება. რუბიო, სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას, რომელშიც, მედიის ცნობით, შედიან ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. რუსეთს ოფიციალურ დონეზე არ დაუდასტურებია, ვინ შევა რუსეთის დელეგაციაში და როდის აპირებს ის საუდის არაბეთში ჩასვლას. გაზეთ "კომერსანიტისა" და სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, იქნებიან პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი. უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებაში უკრაინის წარმომადგენლები. მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს, უკრაინისა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეების მონაწილეობით შექმნას პირობები უფრო ფართო დიალოგისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირამ და დღემ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება პუტინი ამ საკითხს. ასევე ნახეთ მედია ასახელებს უკრაინის შესახებ აშშ-რუსეთის პირველი შეხვედრის დროს და მონაწილეებს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს რუბიო, სავარაუდოდ, ღაზაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეც იმსჯელებს. Reuters-ის თანახმად, სავარაუდოდ, დღის წესრიგში იქნება ტრამპის წინადადება, ღაზის პალესტინელი მცხოვრებლების სხვა არაბულ ქვეყნებში, "ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში" გადასახლების შესახებ. რეგიონის დიდმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა და სხვა არაბულმა ქვეყნებმა, კატეგორიულად უარყვეს ეს წინადადება. იორდანიის მეფე აბდულამ, რომელიც მომავალ კვირას შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში, 5 თებერვალს თქვა, რომ იგი ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერი მცდელობის და პალესტინელების გასახლების წინააღმდეგია. ასევე ნახეთ ტრამპი ამბობს, რომ ისრაელი ღაზას აშშ-ს გადასცემს ომის დასრულების შემდეგ ...