სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძე ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლთან, ხვიჩიას ქუჩაზე, სამი უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზიანებები სამოქალაქო აქტივისტს თავისა და სახის არეში აღენიშნება. „თავდაპირველად ერთმა მომიქნია ხელი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ტელეფონი დამაგდებინა. ამასობაში უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი. შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელები და ალბათ ორი წუთი მირტყამდნენ. არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ რომ ვნახო, ამოვიცნობ. ტერიტორია დატოვეს მანქანით, მუქი ნაცრისფერი მერსედესით. ერთი შეგინება გავიგე და მეტი არაფერი. მეოთხე ადამიანი იყო მძღოლი. ამ ყველაფერს ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას ვუკავშირებ. დავდივარ აქციებზე. ორი კვირის წინ რაღაც გრაფიტების დაწერის გამო გამიტაცა პოლიციამ. მესიჯი იყო მარტივი, გაჩუმდიო და რაკი არ გავჩუმდი, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და ეს მოიფიქრეს“. 31 იანვარს, დავით ფუთურიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების [სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი] საქმეზე მიმდინარეობს. უწყებაში მაშინ ამბობდნენ, რომ პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 31 იანვარს აქტივისტი დავით ფუთურიძე ჰყვებოდა, რომ პოლიციამ მას საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისივე სიტყვებით, ამოღებულია ტანსაცმელი და ფეიერვერკები. ასევე ნახეთ აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია გამოძიება ასევე ნახეთ Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უჩვენებია, რომ ეფექტიანად იძიებს აქტივისტებზე თავდასხმებს ...