რუსეთის კურსკის რეგიონში წინა დღით დაწყებული შეტევითი ოპერაციების დროს უკრაინელმა სამხედროებმა 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით და შეძლეს კონტროლის დამყარება მინიმუმ ერთ დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ რეზიუმეში. გეოლოკაციური კადრების თანახმად, რომლებიც ექსპერტებმა გაანალიზეს, უკრაინელი სამხედროები "მახნოვკიდან (სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთი) მიიწევდნენ სამხრეთ-დასავლეთით და ჩერკასკაია-კონოპელკიდან - ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სუჯა-ობოიანის მაგისტრალის გასწვრივ და სოფელი კოლმაკოვი დაიკავეს." დადასტურდა ასევე უკრაინული ძალების ყოფნა სოფლებში ჩერკასკაია, კონოპელკა და ფანასეევკა, მაგრამ უცნობია, მოახერხეს თუ არა მათზე კონტროლის შენარჩუნება 6 თებერვლის დღის ბოლოსთვის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები სოფელ ულანოკისკენ მიიწევდნენ. კოლმაკოვი სოფელ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. იქ ომამდე 79 ადამიანი ცხოვრობდა. კურსკის რეგიონში უკრაინული მხარის ტაქტიკურ წარმატებებს არ უარყოფენ რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ამასთან ამტკიცებენ, რომ რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის განადგურება მოახერხეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად. უკრაინის არმია აცხადებს, რომ აკონტროლებს ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის სუჯის რაიონულ ცენტრს. რეგიონში მოქმედებს ფედერალურ დონეზე გამოცხადებული საგანგებო ვითარების რეჟიმი. ოფიციალური მონაცემებით, სუჯის, გლუშკოვსკის, კორენევსკის რაიონებში - სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს - ასევე კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში სახლები დატოვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი პირობებისა და დახმარების პრობლემებზე საუბრობენ. ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლის სამეთაურო პუნქტი კურსკის რეგიონში - გენშტაბი ასევე ნახეთ კურსკის რეგიონში პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი დაიღუპა ...