"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად განიხილებოდა დავით კოლდარის საქმეც, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. კოლდარს ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დავით კოლდარი საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. გამოძიების მტკიცებით, მას ამაში ფული გადაუხადეს - კოლდარი წაყენებულ ბრალს აღიარებს. 30 წლის გიორგი კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს. ის კოლდარის მსგავსად არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის არ უარყოფს, რომ პოლიციელების მიმართულებით ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლი ისროლა, თუმცა ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება, ანუ პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნევს. „გიორგიმ არ უარყო ის ფაქტი, რომ ბოთლი, რომელიც იყო ნახევრადცარიელი, ისროლა ე.წ. რობოკოპების მიმართულებით. თუმცა ის ფაქტი, რომ მას თავდასხმას ედავებიან, მძიმე ბრალდებას, რომელიც მიზნის და განზრახვის სხვა ერთობლიობის დადგენას საჭიროებს მტკიცებულებების სახით და ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხრიდან მოპოვებული არ ყოფილა, ვერ შეფასდება თავდასხმად. თუ მოსამართლე მიიჩნევს ასე, ეს უნდა ჩაითვალოს პოლიციელისადმი წინააღმდეგობად. სასჯელები განსხვავებულია“, - ამბობს ადვოკატი. ის განმარტავს, რომ საქმეში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაზარალებული თანამშრომელი, ვიდეომტკიცებულება და ერთი პოლიციელის ჩვენება, თუმცა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ადასტურებს, რომ მსროლელი კუჭუაშვილია. „ჩვენ კვალიფიკაციის ნაწილში არ ვეთანხმებით და როგორც იურისტი, საკითხს ვაყენებ ასე, რომ მოსამართლემ შეაფასოს პოლიციელის ქმედება იყო კი წესრიგის დამყარებისკენ მიმართული?” - აღნიშნავს ადვოკატი. დაკავებულების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ და პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საქმის განხილვის პერიოდი მიზანმიმართულად გაახანგრძლივეს, რათა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საშუალება არ მისცემოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით. 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს. ისინი საპატიმროს 10 თვის შემდეგ დატოვებენ. ამავე დღეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფრ...