მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ აწვდიან ინფორმაციას ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის თაობაზე უფლებადამცველი ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა". "მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია. მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები", - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველს: სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი; მიაწოდოს ორგანიზაციას მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად; გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადასცეს საიას მათი ასლები; მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე, შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, საიას თანახმად, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად; უზრუნველყოს წარმომადგენლის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი. ასევე ნახეთ საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მზია ამაღლობელზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები. ასევე ნახეთ ნო...