რუსეთმა ავსტრალიის მთავრობას დაუდასტურა ავსტრალიის მოქალაქის, ოსკარ ჯენკინსის დატყვევება. 32 წლის მელბურნელი უკრაინის ჯარში მსახურობდა და მოსკოვი მას დაქირავებულ მეომარს უწოდებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოკლეს. დეკემბერში სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯენკინსის ვიდეო. ვიდეოში რუსი ჯარისკაცები მას დაკითხვას უწყობენ და სცემენ. როგორც ABC იტყობინება, ჯენკინსის თანამებრძოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის მოკლეს. მოსკოვი ამბობს, რომ ეს ასე არ არის, განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა 29 იანვარს. რუსეთის ელჩმა ავსტრალიაში ალექსეი პავლოვსკიმ, ავსტრალიის მთავრობას აცნობა, რომ ჯენკინსი რუსეთში იმყოფება. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს სამხედროთა დევნას მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო, მაგრამ მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელ მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს და ამბობს, რომ ეს წესები მათზე არ ვრცელდება. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა მოსკოვს მოუწოდა, გაათავისუფლოს ჯენკინსი და მოითხოვა, რომ ის უზრუნველყონ დაცვით, რომელიც სამხედრო ტყვეებს ეკუთვნით, იუწყება ABC. იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ასე არ მოხდება, მინისტრი „არაორაზროვან“ პასუხს დაჰპირდა მოსკოვს. ჯენკინსს არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება მანამდე, სანამ უკრაინის ჯარს შეუერთდებოდა. რუსული წყაროების ცნობით, ავსტრალიელს ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული ბიომედიცინაში და ის ჩინეთში მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად. ასევე ნახეთ რუსეთის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის შედგა ტყვეების მორიგი გაცვლა ...