რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევის ერთ-ერთ სამიზნე იყო ნავთობქიმიური პროდუქტების ქარხანა, რომელსაც კომპანია „სიბურ-კსტოვო“ მართავს. ამას ადასტურებს საწარმოს მფლობელი კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. კომპანია ირწმუნება, რომ პირდაპირი დარტყმა არ ყოფილა და ტერიტორიაზე ჩამოცვივდა „მოგერიებული“ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები, რამაც ხანძარი გამოიწვია. კომპანიას ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ პერსონალი უსაფრთხო მანძილზე გადაიყვანეს. „სიბურ-კსტოვო“ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპანია „სიბურს“ ეკუთვნის და ეთილენს, პროპილენს, ბენზოლსა და სხვა მსგავს პროდუქტებს აწარმოებს. ქარხანა „სიბურ-კსტოვო“ ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს. ამასთან, გამოცემა „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოთხი დრონით შეტევა იყო კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე ნავთობის საცავზე, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის და ეს ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო 29 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კსტოვოს სამრეწველო ზონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ნიკიტინს საწარმო და ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია. ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქიმიური საწარმოები და თბოელექტროსადგური. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის მარტშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 29 იანვარს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. განახლება: 29 იანვარს, შუადღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დრონებით შეტევა კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. გენშტაბის ინფორმაციით, ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ჩაატარა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან ერთად. გენერალური შტაბის თანახმად, საოკუპაციო ძალების უზრუნველყოფაში ჩართული ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. გენშტაბის ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი ქარხანა „სიბურ-კსტოვოზე“. ასევე ნახეთ Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირ...