მათი მოწოდებით, საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს "სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები". "ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან", – განაცხადეს ექსპერტებმა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე "შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან დასჯას უთანაბრდებოდეს". ექსპერტების თქმითვე, ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია მაშინ, როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება. "ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ველით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", – განაცხადეს ექსპერტებმა. მათივე თქმით, "ყველა თვითნებურად დაკავებული" უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ეს უნდა მიეწოდოს. ...