„მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვითხარით“, - მიმართა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა სარჯველაძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს. „რატომ გვაიგნორებთ? რა იცით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ? აი, გისმენთ“, - ჰკითხა ლიკა ზაკაშვილმა, „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა. „ვიდექი, ვაპირებდი პასუხების გაცემას ყველა დასმულ კითხვაზე. თქვენ გადაწყვიტეთ ასე გაგრძელება“, - უთხრა სარჯველაძემ დღეს, 27 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ თბილისი რივერვიუში“ შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც ამაღლობელის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს, თუმცა ოფიციალურ უწყებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. ასევე ნახეთ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია „რა გაცინებთ?!“ - მიმართა მიხეილ სარჯველაძეს გელა მთივლიშვილმა, რაზეც მან უპასუხა: „თქვენზე მეცინება“. „არ გადაგყავთ საავადმყოფოში?!“ - ჰკითხა სარჯველაძეს ნანუკა ქაჯაიამ, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა. „თქვენ მეუღლე, დედა, შვილი, და გყავთ?“ - ჰკითხა გელა მთივლიშვილმა, რაზეც სარჯველაძემ უპასუხა: „ჩემი ახლობლების სახელი მეორედ არ ახსენოთ... არ უნდა ახსენოთ. გაფრთხილებ-მეთქი. კი არ ვღიზიანდები, ზრდილობა უნდა გასწავლო... დაამთავრე-მეთქი ლაპარაკი“. „ჩვენი ახლობელია მზია. ზრდილობა სად დავკარგე. მზია ჩვენი ახლობელია. თქვენც ხომ გყავთ მეუღლე, შვილი, და? მზიაზე ჩვენც ვღელავთ! დამარტყათ გინდათ?!“ - თქვა მთივლიშვილმა. „მოკლედ გვიპასუხეთ, რომ არ დაგაინტერესათ თქვენ მზიას მდგომარეობამ და არაფერი იცით მის შესახებ“, - მიმართა მას ნინია კაკაბაძემ. „დავასრულოთ“ - თქვა სარჯველაძემ და ოთახიდან გავიდა. „ფარისევლებო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - სკანდირებდნენ ამის შემდეგ ჟურნალისტები. ასევე ნახეთ „16 კილო დაკარგა“ - აქციებზე დაკავებულმა ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს საია, როგორც მზია ამაღლობელის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. „ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - აცხადებს ორგანიზაცია. ...