ბალტიის ზღვაში კვირას დაზიანდა წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ლატვიასა და შვედეთს აკავშირებს. ამის შესახებ ლატვიის ხელისუფლება იტყობინება. კაბელი ეკუთვნის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ლატვიის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის ცენტრს“. მონაცემთა გადაცემის მონიტორინგის სისტემამ შეფერხება დააფიქსირა ლატვიის პორტ ვენტსპილსისა და შვედეთის კუნძულ გოტლანდის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ანგარიშის მიხედვით, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კაბელი დაზიანდა „გარე ზემოქმედების“ შედეგად. კაბელი 50 მეტრზე მეტ სიღრმეზეა გაყვანილი და დაზიანების სახეობა და მოცულობა ჯერ არ არის დადგენილი. ხაზგასმულია, რომ ლატვიაში მომხმარებლები არ რჩებიან კომუნიკაციის გარეშე, გამოიყენება მონაცემთა გადაცემის სხვა გზები. როგორც Delfi იუწყება, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა დაადგინეს გემი, რომელიც შესაძლოა მონაწილეობდა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში. სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო ხომალდი გაგზავნეს Michalis San-ის შესამოწმებლად, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა. ის მალტის დროშით ცურავს. ლატვიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა მარის პოლენცსმა თქვა, რომ გემზე საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ, მათ შორის არც ღუზის დაზიანება. ასევე ეჭვმიტანილია კიდევ ორი ახლომდებარე გემი. ლატვიის ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ აცნობა ნატოს მოკავშირეებს და მათ ინფორმაციას უცვლის. მომხდართან დაკავშირებით ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ პასუხისმგებელი სამინისტროებისა და სამსახურების სხდომა მოიწვია. მისი თქმით, როგორც ჩანს, კაბელი დაზიანდა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში. სილინას თქმით, შვედეთმა თავისი სანაპირო დაცვის ჩართვა შესთავაზა ლატვიას. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ლატვიასთან აქტიურად თანამშრომლობს მომხდარის გამოსაძიებლად. მოქმედებები კოორდინირებულია ნატოს დონეზე. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დასაცავად მისიის დაწყების შესახებ. ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები დაკავებულ ტანკერზე, ფინეთში და რა ვიცით რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე" ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაში ორი სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული კაბელი დაზიანდა (უკანასკნელი ინციდენტის გარდა). ამჟამად ფინეთშია დაკავებული კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი Eagle S. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნაწილია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“, რომელსაც მოსკოვი იყენებს ნავთობის ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ითვლება, რომ სწორედ ამ გემის ღუზამ გაჭრა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი Estlink 2. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ამტკიცებდა, რომ კაბელის გაწყვეტა, სავარაუდოდ, რუს...