ისრაელმა 24 იანვარს განაცხადა, რომ მისი ჯარების გაყვანა ლიბანის სამხრეთიდან გაგრძელდება ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო "იმის გათვალისწინებით, რომ ჯარების გაყვანის პროცესმა შეიძლება 60-დღიან პერიოდზე მეტხანს გასტანოს". "ჯარების გაყვანის პროცესი დამოკიდებულია ლიბანის არმიის განლაგებაზე ლიბანის სამხრეთში და შეთანხმების სრულ და ეფექტიან დაცვაზე, ასევე ჰეზბოლას ძალების გაყვანაზე მდინარე ლიტანის მიღმა", - ნათქვამია განცხადებაში. ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანის ვადა 26 იანვარს იწურება. "რადგან ლიბანის სახელმწიფოს სრულად არ შეუსრულებია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჯარების თანდათანობით გაყვანის პროცესი გაგრძელდება აშშ-თან სრული კოორდინაციით". მყიფე ზავს, რომელიც ძალაში შევიდა 27 ნოემბერს, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ თვეში, თან ახლავს დარღვევების ბრალდებები ორივე მხრიდან. ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ლიბანის არმია გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად, სამხრეთში უნდა განლაგდეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია გავა 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში. ჰეზბოლამ თავისი ძალები უნდა დახიოს მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით, საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, და დაშალოს ყველა დარჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურა სამხრეთში. ისრაელის, ლიბანის, საფრანგეთისა და აშშ-ის დელეგატებისა და გაეროს სამშვიდობო ძალის, UNIFIL-ის წარმომადგენლისგან შემდგარ კომიტეტს ევალება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევის გამოვლენა და მოგვარება. გაეროს სამშვიდობო ძალებმა განაცხადეს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების არაერთხელ დარღვევის შესახებ. ასევე ნახეთ ლიბანის პრეზიდენტი გახდა არმიის მთავარსარდალი ჯოზეფ აუნი ...