„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე დღეს, 23 იანვარს, გამოცემის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოჰყვა, როგორ დააკავეს 12 იანვარს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გადაღებისას. რეპორტიორის თანახმად, მას ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ჩამოართვეს ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გურამ მურვანის თქმით, ის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს. „დგებუაძემ მკითხა, ვინ ვიყავი. როცა გაიგო, რომ "ბათუმელების" თანამშრომელი ვარ, პოლიციელებს უთხრა, ნახეთ რას იღებს, ტელეფონი ჩამოართვით, წაშალეთ ვიდეო და დაიჭირეთო. პოლიციელებმა ავტომობილში ჩამსვეს, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს: "გაუშვი დროზე ტელეფონს ხელი, ბიჭო! ხელებს მოგამტვრევ", - მეუბნებოდნენ“. მურვანიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება მას ედავებოდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპერატორს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რეპორტიორი ამბობს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნეს კუთვნილი ტელეფონი, რომელშიც ყველა მასალა და პროგრამა წაშლილი იყო. „ბათუმელების“ ოპერატორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მის ინტერესებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციის ადვოკატმა თამარ წულუკიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოცემის ოპერატორის დაკავების საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს მიმართეს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიების მოთხოვნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად. „მისი დაკავების ბრძანება გაიცა, როცა ის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის უფროსმა მისი დაკავება გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ „ბათუმელებს“ წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა დაკავების განმაპირობებელი. პოლიციის უფროსმა ასევე გასცა ბრძანება, მურვანიძის მიერ გადაღებული კადრები წაეშალათ. ამის ამსახველი ვიდეო მურვანიძეს ტელეფონში ჰქონდა. ჩვენ სასამართლოში მოვითხოვეთ, საქმეში ეს ვიდეოკადრები მტკიცებულებად ჩაედოთ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეომტკიცებულება სხვა ყველა ფაილთან ერთად წაშლილია“, - თქვა თამარ წულუკიძემ. საიას მიაჩნია, რომ პოლიციის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ რეაგირებისთვის მიმართეს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას. გამოცემა "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპერატორის, გურამ მურვანიძისა და გამოცემის დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება ერთი საქმის ნაწილია, რ...