თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ პოლიტიკური დევნის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე. სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პოლიტიკოსს ედავებიან აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთ დამფუძნებელ ალი ბაბაევზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე. მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი ქუჩის ვიდეოგამოკითხვა, რომელშიც, ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, ჩანს, რომ ალი ბაბაევის პოლიტიკურ მოღვაწეობას არავინ იცნობს და შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით დევნის კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა საქმის შეწყვეტაც მოითხოვეს, არგუმენტით, რომ "დევნა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი ფაქტი, ქართულად ნიშნავს განგრძობად პროცესს. დარტყმა, ცემა ერთჯერადია, დევნა განგრძობადი ფაქტი. რა დევს საქმეში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით? თუ არ მაჩვენებთ, შეფასებასაც ვერ გავაკეთებთ. მარტო დაზარალებულის ჩვენებით განაჩენი ვერ დადგება. სისხლის სამართალი ამას არ იცნობს", - თქვა ზვიად კორძაძემ. მოსამართლე ნინო თარაშვილმა არ დააკმაყოფილა საქმის შეწყვეტის მოთხოვნა და არსებითი განხილვა ჩანიშნა 6 თებერვალს, 12:00 სთ-ზე. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებშიც სრულყოფილადაა ასახული ალექსანდრე ელისაშვილის ძალადობის ფაქტი. ზვიად გუბელაძის თქმით, მომხდარის მოტივი არის პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც დაზარალებული ალი ბაბაევი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. “ობიექტური პირი, ვინც ამ ვიდეოჩანაწერს ნახავს, დარწმუნდება, რომ ეს თავდასხმა იყო ცალმხრივი. ალექსანდრე ელისაშვილი ზურგის არიდან დაესხა თავს დაზარალებულს, მას ჯერ მიაყენა სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. საპირისპიროს ამბობს ზვიად კორძაძე, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: "დაზარალებულის ჩვენების გარდა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას არ აქვს შეფასებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ე.წ. დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ მტკიცებულება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს საქმეში არ არის. როგორ შეუძლია პროკურორმა თქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როცა ხმა არ აქვს ვიდეოს და პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა როგორ ამოიცნო უხმო ვიდეოში, ცოტა გასაკვირია", - ამბობს ადვოკატი. ელისაშვილი 4 დეკე...