ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ 22 იანვარს იმსჯელა სამოქალაქო აქტივისტის, მიხეილ მუმლაძის საქმეზე და იგი 2500 ლარით დააჯარიმა. მუმლაძეს ქუთაისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, 28 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მიხეილ მუმლაძის თქმით, პოლიცია ამტკიცებს, რომ დაკავების ოქმი შედგა სამი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასამართლომ კი გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა: "ცირკი შაპიტო გრძელდება. დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა, რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2 500 ლარი", - ამბობს ის. როგორც მიხეილ მუმლაძის ადვოკატი ვალერი თევდორაძე აღნიშნავს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და იმ ხაზს მიჰყვება, რომელიც სასამართლოებს აქვთ პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებულთა მიმართ: "მაქსიმალური სიმკაცრე, თვალის დახუჭვა პოლიციის უკანონო ქმედებებზე, არასათანადოდ შედგენილ დოკუმენტებზე. მთავარია, შედგენილი იყოს რაიმე სახის ოქმი და მთავარია, რომელიმე პოლიციელმა რაიმე დაადასტუროს. ის, რომ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები საწინააღმდეგო შინაარსისაა, სასამართლო მნიშვნელობას აღარ ანიჭებს". უფლებადამცველის თქმით, მიხეილ მუმლაძის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული იყო, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია და აქტივისტს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას. "რეალურად საქმის წარმოების დროს პოლიციამ ეს ვერ დაადასტურა. დღევანდელ განხილვაზე პოლიციელები ამბობდნენ, რომ მუმლაძემ მრავალჯერ გადაკვეთა გზა თვითნებურად ქვეითთა გადასასვლელზე. დასაბუთების ჩაბარების შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რას ეყრდნობა სასამართლო უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანისას", – ამბობს ვალერი თევდორაძე და დასძენს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატ ვალერი თევდორაძის თქმით, 28 ნოემბერს არ არსებობდა მუმლაძის დაკავების სამართლებრივი საფუძველი და დაკავების პროცესი იყო ძალადობრივი, რის შემდეგაც მუმლაძეს სხეულზე ეტყობოდა დაკავების დროს მიღებული დაზიანებების კვალი. მიხეილ მუმლაძე 10–ზე მეტმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელზე. ...