თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ იკავებს ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებულ საგამოცდო ცენტრს. მათი თქმით, ცდილობენ "დისკომფორტი შეუქმნან" სისტემას, რათა "წამოიყვანონ კომპრომისზე". ვიდეოში, რომელიც "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" გაავრცელა, ჩანს, რომ სტუდენტებმა შენობის ორივე შესასვლელი ავეჯით ჩახერგეს. სტუდენტებმა რამდენიმე მოთხოვნაც გააჟღერეს: "ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური სწავლება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზია საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. სტუდენტებს არ აქვთ სოციალური დაცვის საშუალებები, სტუდენტური საცხოვრებლის არქონდა და დაბალი სტიპენდია კი მათ სულს უხუთავს. [...] ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით. ხელს ვუშლით სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღის წესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს: ჩვენ ვითხოვთ, გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას, განათლებისთვის დაფინანსების გაზრდასა და მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას", - აცხადებენ სტუდენტები და ამასთან მოუწოდებენ სხვა სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ ბრძოლაში. три 28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს. ...