„ორივე [მათგანი] თბილისშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 22 იანვარს პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის დაჯარიმებაზე. „პატიმრობაში ასე, ოფიციალურად, ფორმალურად არასდროს ყოფილან“, - თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“. ასევე ნახეთ აბუ-დაბიში ნაცემი გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც - წყარო მდინარაძეს არ დაუზუსტებია, ზარქუასა და სანიკიძის გარდა, დააჯარიმეს თუ არა „ქართული ოცნების“ იქ მყოფი სხვა წარმომადგენლები ან მათი თანმხლები პირები. მდინარაძის თქმითვე, დეპუტატები ჯერ იყვნენ „აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და ორივენი თბილისში არიან“. „დღე-ნახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში“, - თქვა მდინარაძემ. „დასრულდა სამართალწარმოება და ჯარიმები იყო. ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა“, - განაცხადა მან. „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაციით, ზარქუასა და სანიკიძეს დაეკისრათ 80 000 დოლარი, რაც მამუკა მდინარაძემ უარყო, თუმცა თავად თანხა არ დაუსახელებია. თქვა, რომ „აღარ მახსოვს“, მაგრამ „იმხელა თანხა, იმხელა რიცხვი, რაც დაიწერა, არ ყოფილა“. ასევე დააზუსტა, რომ „ისინი სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა დამნაშავეები და კრიმინალები“. რაც შეეხება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, - რომელსაც ზარქუა და სანიკიძე სასტუმროში თავს დაესხნენ, - მდინარაძემ განაცხადა: „ჩვენება მისცა, რა თქმა უნდა, დააჭერინა კიდეც [ესენი] პირველ ეტაპზე, - რაც, მისი აზრით, იყო დაჭერა და შემდეგ არ აღმოჩნდა. შემდეგ გათავისუფლდა პატიმრობიდან, - ასე თქვა, რათა ამათთვისაც პატიმრობა ეწოდებინა, ამათი მდგომარეობისთვისაც, დღე-ნახევრიან პროცედურებში მონაწილეობისათვის. რაღაც ასეთი არეული, გაურკვეველი სიტუაცია იყო, რომ არ დაგიმალოთ. დასრულდა სამართალწარმოება“. ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლება აბუ-დაბიში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიციიდან ის 16 იანვარს გამოუშვეს. ასევე ნახეთ საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური, დამოუკიდებელი - ლაშა გაბიტაშვილი პარალელურად, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, პოლიციიდან გამოუშვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა. წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოუშვეს სასამართლო სხდომამდე. უცნობია, როდის გაიმართა სასამართლო სხდომა. რადიო თავისუფლებას 22 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქა...